გამარჯობათ ! თქვენ ამჟამად იმყოფებით ბლოგზე, რომელიც ასე თუ ისე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით დიდი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მე # 152-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ელენე კუკულაძე ვარ. ზოგადად ამ ყველაფრის შთაგონება კონკურსმა მომცა, მაგრამ გარდა კონკურსისა ჩემი აზრით ბევრად უფრო ადვილი და ხელმისაწვდომია ადამიანისათვის რომელიმე პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება ერთი კონკრეტული საიტიდან.. საშინელებაა, როცა ათას ვებ-გვერდს ვათვალიერებთ საჭირო მასალის ძიებაში. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე .
პატივისცემით ელე ))

Thursday, February 28, 2013

საიუბილეო წელი

ექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონი


 იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.

        16 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საპატრიარქოს ორგანიზებით  დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა  ილია მეორემ აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი 2002 წელს წმინდანად შერაცხა:
      ”ექვთიმე თაყაიშვილმა შეუნახა საქართველოს მომავალ თაობებს ის სულიერი და მატერიალური განძი, რომელიც ღმერთმა მიანდო მას”.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ზნეობის მაგალთი იქნება,- განაცხადა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა:
      ” მან მოახერხა და დაიცვა ბოლშევიკებისგან ჩვენი საგანძური. კარგად მოგეხსენებათ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა ის  წლების განმავლობაში,  საკმარისი იყო  ხელყოფა ოდნავ მაინც ერთი ნივთისთვის  და მას შეეძლო ადამიანურად ეცხოვრა. მან ეს არ იკადრა, მან ამით აჩვენა, რა არის პატიოსნება და რა არის ერისკაცობა. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გზას გვინათებს დღეს და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ერისკაცი. მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში იქნება მანათებელი ჩვენი ერისთვის. თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, როგორ შეიძლება თავი გადადო საკუთარი სამშობლოსათვის. ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში გაუძლებს მსგავსი ადამიანების ღვაწლი. დიდი პატივი მივაგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ასეთი ეტალონური ერისკაცობა”.
       პოეტ  რეზო ამაშუკელის თქმით საქართველოს თავგანწირული  შვილები დღესაც ჰყავს:
      ”ვინც მიცნობს იცის, რომ მე რევერანსების გამკეთებელი კაცი არ ვარ და ვერც იმას დამაბრალებს ვერავინ, რომ ვინმეს ვეპირფერები. მე ჭეშმარიტად მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე თავგანწირული ქართველი არის ივანიშვილი. რომელმაც გადადო ყველაფერი, სიცოცხლის ფასიც კი  თავისი ოჯახის. შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ  ადუღებულ კუპრში ჩარგო თავი.  მწყინს, რომ მის გარშემო რამდენიმე  ღობეზე გადამფრენი ფარშევანგებიც  ჩანან, რომლებსაც უყივლიათ ყოველთვის. მთელი უბედურება იმაშია, რომ ასეთი ფარშევანგები ყოველ დროს ახერხებენ მეფის კარის ბაღში გოგმანს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ბატონი ბიძინას მიმართ, რომელმაც ჭეშმარიტად იხსნა საქართველო  სამუდამო  გაუბედურებისგან, თუ ქართულ ოცნებას სხვა ოცნებები გაერევა და ამის სიმპტომები არის უკვე, მე ვიქნები  მისი პირველი კრიტიკოსი. და კიდევ ერთი, 1 ოქტომბერს რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ამის დაკარგვის უფლებას არავის მივცემ. მე ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ”ლაზარე”, 1 ოქტომბერს საქართველო წამოდგა ფეხზე და  ამას  პატრონობა სჭირდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს  სარწმუნოებას, ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს ფსიქოლოგიას, ჩვენს წარსულს, ჩვენს ენას, დედაეკლესიას, კათოლიკოს. არავის არ ვებრძვით”.
       აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა კონფერენციაზე ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა. შეიძლება ბევრ ადამიანს არ ახსოვდეს, რომ 1953 წელს ექვთიმე თაყაიშვილს უკანასკნელ გზაზე მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა. პროფესორი, ”დემოგრაფთა ასოციაციის”  პრეზიდენტი ვაჟა ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
       ”ამერიკის ხმა” - ალბათ ყველას  გულზე მოხვდა , ვინც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა ექვთიმე თაყაიშვილს. ასეთი შიში იყო? თქვენი აზრით დღევანდელობასთან შეიძლება რაიმე პარალელების გავლება?
ვაჟა ლორთქიფანიძე - დღევანდელობასთან არა, მაგრამ გუშინდელობასთან კი. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ოქტომბარდე საქართველოში, ინერგებოდა ბოლო წლების მანძილზე შიში და საკმაოდ დათრგუნული იყვნენ ადამიანები ამ შიშის გამო. ძლიერი რეპრესიებიც იყო,  ბოლო 8-9 წლის მანძილზე სწორედ ასეთივე ატმოსფერო გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის მეცნიერებმა სწორედ ასეთი პერიოდი გამოიარეს. თქვენ ალბათ გახსოვთ, გაგახსენებთ, როდესაც 5-6 წლის წინ რობერტ სტურუას კითხეს უცხოეთში ”რა არის, რაც თქვენ გეჩვენებათ საქართველოში რომ შეიცვალა”, მან სწორედ ეს უპასუხა, რომ საქართველოში არის დიდი შიში. იყო ეს დიდი შიში საქართველოში სამწუხაროდ. საბედნიეროდ ახლა უკვე ეს შიში ჩემი აზრით დაძლეულია და ღმერთმა ქნას, რომ ეს საბოლოო იყოს”.
      ”ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან”- ამბობს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:
”რაც შეეხება მეცნიერებას, ვფიქრობ რომ აკადემიის წევრები  არიან თავდადებული ხალხი, რომელთაც შიოდათ, წყუროდათ, ციოდათ და მაინც თავის საქმეს აკეთებდნენ. დღესაც  აკადემიის ინსტიტუტებში განყოფილების გამგის  ხელფასი არის 120-140 ლარი, ეს არის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი ბედნიერება ჩვენი ის არის, რომ ბუნებით დაბადებული მეცნიერი ამ მატერიალურ მდგომარეობას არ არის გამოკიდებული. მას უფრო სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო აინტერესებს”.



წყარო: http://www.amerikiskhma.com/content/georgia-ekvtime-takaishvili/1587081.html

ექვთიმეს ბიობიბლიოგრაფია


           ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკამ 2010 წლის 22 ივლისს გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია თბილისში სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში.
წიგნი შეადგინა და გამოსცა ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
           გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, დიდი მამულიშვილის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია მოიცავს 1890-2010 წლების მასალას: სამეცნიერო შრომებს, რეცენზიებსა და გამოხმაურებებს ამ შრომებზე, ე. თაყაიშვილის მიერ რედაქტირებულ შრომებს, ლიტერატურას მის შესახებ.
          მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო თარიღები. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. ერთვის შრომათა, სახელთა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ანბანური საძიებელი.
        პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი, საკუთარი ხელით ემიგრაციაში შეკერილი ქუდი. გაიმართება რეზო თაბუკაშვილის ფილმის ჩვენება. ეს ფილმი მცირე გახსენებაა დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ლტოლვილობის წლებზე.
        პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან:  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული სამეცნირო ფონდი, რუსთაველის ფონდი, მეცნიერებათა აკადემია, ეროვნული ხელნაწერთა ცენრტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, დიუმას ცენტრი. სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.





                                                                                         წყარო:  http://www.sciencelib.ge/node/804

ღვაწლი ეკლესიის წინაშე

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი)   ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე

 

ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი

 „სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი“

 

 

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.
2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.
XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროს, ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. მათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიც. ეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, წაკითხვის დროს „ბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. იგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალით, ზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმა. გამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელია, საფრთხე დამუქრებოდა. მართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრან თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდა. ეგზარქოს ევსევის მითითებით, აღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ი.მ.გოტინსკის დაევალა, გადაერჩია წიგნები და „საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები“ გაენადგურებინა. აღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან კ.ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნი, რომელიც „სვანური მრავალთავის“ სახელითაა ცნობილი.
ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვა. მოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი ამეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა, რაც შეიძლება მეტი გამომეკვლია, შემეძინა, შემომეწირებინა, არაფერი დამეკარგოს მეთქი“.
დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოსს დ.ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდა. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. აღნიშნული ნაშრომიდან ირკვევა, რომ დ.ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. მისი მითითებით წმ. ექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება, მასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. აქ ლ.ბაქრაძესა და ნ.კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდა. ეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყო, არამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაც - საეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მართალია, ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათ, მაგრამ სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარეს. მათვე მოსახლეობისაგან შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანეს. ყოველივე სათანადო ოქმის გაფორმებით საეკლესიო მუზეუმის მცველს თ.ჟორდანიას ჩააბარეს. იმდროინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ექსპედიციის მუშაობის შედეგები. აღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. დ.ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ (1890 წ.) თ.ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა, მაგრამ ხელი როდი აუღია საეკლესიო სიძველეების მოვლა-პატრონობაზე.  ჯერ კიდევ 1888 წელს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა შეისწავლა იტრიის, ზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეები. მან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ „პარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინა, რომ „შატბერდის კრებული“ რომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.
საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ თანამშრომლობს, ექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.
XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციები. აღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.

ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი
1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მათ შორის ქართველი სამღვდელოებაც. საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები - მღვდლები: პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, კ.კეკელიძე და სხვები. საზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსები: ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეები, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, დავით კაჭახიძე, არიქმანდრიტები: დოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძე, შემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძე. ახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.
ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ხშირად ისინი საზოგადოების კრებებზე მოხსენებითაც გამოდიოდნენ. 1908 წელს ასეთი მოხსენებით გამოსულა პ.კარბელაშვილი, რომელმაც საზოგადოების წევრებს გააცნო მის მიერ მოძიებული დოკუმენტები „ამილახვარიანთ გვარის სიგელ-გუჯარები“. ამავე სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია წმიდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაიას) - „ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი“. აღნიშნული მოხსენებები წმიდა ექვთიმემ „ძველი საქართველოს“ ერთ-ერთ ტომში გამოაქვეყნა.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას დიდად აფასებდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელსაც ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია შესწირა. მანვე ამ საზოგადოებას გადასცა ნუმიზმატიკური მასალა, 2700-ზე მეტი სახეობის მონეტა, არქეოლოგიური ნივთები, ფოტო-ალბომები და სხვა. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გაწეული დიდი ყურადღების გამო 1913 წელს წმიდა კირიონი მის საპატიო წევრად აირჩია.
თავის მხრივ, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი მაღალ შეფასებას აძლევდა წმიდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერულ მოღვაწეობას და მის თავდადებას სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ. წმიდა ექვთიმემ 1907 წელს გამოცემული „ძველი საქართველოს“ I ტომში წმიდა კირიონ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა წლებში შეკრებილი ლექსიკური მასალა დაბეჭდა. აღსანიშნავია, რომ წმიდა კირიონის ლექსიკონში ისეთი სიტყვებია თავმოყრილი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს და დავით ჩუბინაშვილს ნახსენებიც არ აქვთ. დღემდე წმიდა მღვდელმოწამე კირიონის აღნიშნული შრომა კექსიკოლოგთა მიერ სათანადოდ შესწავლილი არაა.
წმიდა ექვთიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და დიდად აფასებდა ქართველ სასულიერო პირებს: წმიდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, კალისტრატე ცინცაძეს, ძმებს ვ. და პ. კარბელაშვილებს, უცხოეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდელს მიქელ თამარაშვილს და სხვებს. მან „ძველი საქართველოს“ ფურცლებზე  გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და მიქელ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. წმიდა ექვთიმეს ხელშეწყობით, მღვდელმა  ვ.კარბელაშვილმა ზ.ფალიაშვილთან ერთად 1903 წელს სვანეთში ჩაიწერა ძველი ქართული სიმღერა გადმოცემები. ცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა ექვთიმეს დიდი პატივისცემა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ. იგი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით იხსენიებს მის ძმას - მღვდელსა და პედაგოგს სიმონ ქიქოძეს, რომელმაც ღვთისმოშიშობასთან ერთად მას სამშობლოს სიყვარული და ცოდნის დაუოკებელი შეძენის სურვილი შთაუნერგა. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თვალყურს ადევნებდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საქმიანობას და აღფრთოვანებული იყო მისი მოღვაწეობით. 1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან (ჭავჭავაძე) ერთად ჩავიდა, რომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული, შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნა „ახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირის „უწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ ამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით „კათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად“ მანვე „საქართველოს სიძველეების“ სამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებს. აღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.
წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვას. იგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა  ყველა იმ სხდომაში, რომელზეც მოწინავე ქართველი საგოზადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.
წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. მისი თხოვნით ცნობილმა „მოხეტიალე მომღერალმა“ ილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.
ახლადაღდგენილი ეკელსიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
წმიდა ექვთიმე, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, როცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ.
დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არა თუ არ დაუბრუნა ის საეკლესიო მიწები და ქონება, რომელიც მან ავტოკეფალიის გაუქმების დროს დაკარგა, არამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა ის მცირე საეკლესიო მიწებიც, რომელიც მას ეგზარქოსობის დროს ჰქონდა. მატერიალურ სახსარს მოკლებული სამღვდელოება სიდუხჭირეში ჩავარდა. უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და უცხო გადამთიელები ისაკუთრებდნენ. საკათალიკოსო საბჭომ არაერთხელ მიმართა მთავრობას ეკლესიის ქონების დასაცავად დარაჯები დაენიშნათ, მაგრამ უფულობის მომიზეზებით მათ სასულიერო პირთა მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს“.
წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად. იგი ახლოს ეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის. წმიდა ექვთიმეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარებისათვის ხშირად მატერიალურ სახსარს მოკლებული ბერ-მონაზვნებიც მიმართავდნენ. 1920 წლის 27 მარტს ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სპირიდონი წმიდა ექვთიმეს აცნობებდა, რომ მონასტერს მთავრობის განკარგულებით ჩამოერთვა 54 დესეტინა მიწა, სხვა არანაირი შემოსავალი მონასტერს არ გააჩნია. უსახსროდ დარჩენილი ბერი გამოსავალს წმიდა ექვთიმეს დახმარებაში ხედავდა: „გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“. წმიდა ექვთიმეს წინადადებით 1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.
ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშე. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძე) წმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნის. წმიდა ათონის მთიდან მღვდელ-მონაზონი გიორგი (დარჩიაშვილი) ამაგდარ მამულიშვილს წერს: „ბატონო ექვთიმე, ღმერთს ვთხოვ გულმხურვალე ვედრებით თქვენს სიმრთელეს, დღეგრძელობასა და ბედნიერებას ნათესავ სამშობლოთურთ. გწყალობდეს და გფარავდეს ჩვენი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოსახელე თქვენი, წმიდა ექვთიმე ათონელი. ცათამობაძავისა მის ივერიის აღმაშენებელი, ცხადად მომთხრობნი და ბეჭედი ივერიის ერისა“.
საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა - 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.

ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან
და მასპინძლებთან ერთად
დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულება. ამას გარდა, მან ჩათვალა, რომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლა, რომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, კონტკოვი, გრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახე, გავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენ, ან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმა, საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. წმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდა, აღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.
მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვა. მატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდა. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენ. წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილა თბილისის უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:
„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებით, რომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლა, შეკეთება და განახლება, აგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდება. ასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) არსებული საბჭო;
2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახით, რა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათ. მათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;
3. მიეცეთ წინადადება, ერობებს, დაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც უყურადღებოდ არიან. თუ ამაზე ერობები უარს იტყვიან, მაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებში, რომლებსაც დარაჯები ჰყავთ.
4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთები, რომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახება. ამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს  საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
5. საიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;
და ბოლოს,
6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვით, რომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“
რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. წმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხი. უსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.
მთავრობის გულგრილობით შეწუხებული წმიდა ექვთიმე გულისტკივილით წერდა: „არაერთხელ შევეცადე, რაიმე  მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისათვის და საეკლესიო ნივთების დაცვა-მოვლისათვის. საეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდა. რამოდენიმე კრება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორების, წერა-კითხვის საზოგადოების წამომადგენლებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით გავმართეთ. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ადგილობრივ ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო“.
საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 წ. გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. მას ცილი დასწამეს, რომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდა. ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი თავისი ქმედებით ცდილობს, რომ ეკლესია სექტად გადააქციოს. წმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისი, რომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეები, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენ, დანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომების“ მიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების  გარეშეო“.
ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყო, ხოლო 1920 წელს კი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა. სწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს. მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებოდა.
გამუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ელდარ ბაბულაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19(226), 20 (228), 22 (230), 2003 წ.

ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი



მარტვილის ტაძარი. ჯვრები, სანაწილეები. ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდ



                                                              საწინამძღვრო ჯვარი. XV ს.

                                                        
                                                          საწინამძღვრო ჯვარი. 1050 წ. 
                                                           წარწერაში მოიხსენიება ბაგრატ IV (1027-1072 წწ.). 
                                                                           ოქრომჭედელი იოანე დიაკონი.







                                                            ათონური ჯვრები. XVII-XIX სს.



                                                                   გულსაკიდი ჯვარი. X ს. 


















გულსაკიდი ჯვარი. X ს


                                             


                                              
                                       
                                                                              სანაწილე. XVIII-XIX სს. 

                                                                                  
























                                                                             ოქროს ჯვარი. სანაწილე. IX ს. 


                                                            პანაღია. ოქროს ჯვარი. X ს.


                                                                        სანაწილე. XVII ს. 








                                                                        წყარო: http://burusi.wordpress.com/2009/10/24/tsaishi-2/

ინტერვიუ

“ საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმის” სულის ჩამდგმელი.

      როგორც ვიცით, ექვთიმე თაყაიშვილმა 1888-89 წლებში საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის საინტერესო მასალების შეკრება დაისახა მიზნად და 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. მე კი მინდა შემოგთავაზოთ თავად ექვთიმეს აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით :


        “საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
        საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
        რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.



წყარო:  http://www.ambioni.ge/eqvtime-tayaisvili

ემიგრაციისადმი



 ექვთიმე თაყაიშვილი - „მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი“




 იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს…

ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.

ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.

კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.

თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.

კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.

მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.

ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!

ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

25 ნოემბერი, 1936, პარიზი



                                                                       
წყარო:  http://presa.ge/new/?m=lit&AID=12600

ქორწინება და ოჯახი



      ე. თაყაიშშვილი   1895 წელს შეირთო   თბილის  ივანე  პოლტორრაცკის ასული ნინო.პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში , ამიტომ   მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაიბაში. რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში გადმოასახლეს.,  კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო  ზედგენიძის ასული, როიმლისგანაც არი ვაჟიშვილი შძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდათ თბისის სათავად ანაურო გიმნაზიაში., სადაც  საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარიცკის    და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი   გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი  თარგმანები  ქართულიდან რუსულ ენაზე კერძოდ  შოთა რუსთაველი  „ ვეფვის ტყაოსანი“   ილია ჭავჭავაის „ გლეხის ნამობი“ „კაცია-ადამიანი“       ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა- კითხვას გამავრცებელ  საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ  თავისი  პოემა „ ჩრდილი “ ნიშნად პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდ  ქაეთველი გახლდათ ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო დარქვეს]            რაც შეხება ივანეს ძმას სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში.სწორედ რუსეთში მისი მოღვაწწეობის დროს საქართველოს სათვისტომო რომელშიც გაერთიანებული  იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.  ივანე პოლტორიცკი მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობაკვირაში ერთხელ გრტაფთან სადილიზე იკრიბებიდნენ- სადაც მთავარი და ძირითადი  თემა საქართველო იყო. სიმონს  ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო. „ივანე პოლტორიცკიმ  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ   იქორწინა ნადეჟდა    გაბაშვილზე.  მათ ი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო.    ნადის მზი9თებში ერგო ოქროყანის მამულები.გაბაშვილის ოჯახი ზენელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში  მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე ორსართულინი სახლი იდგა რომელიც თავდ გადსცეს მოსახლეობას სკოლის გასახსნელად.  ოქროყანის ნაწილი  დღევანდელი ფუნუკუილორის ნაწილი   1890წელს ბელგიელებმა  იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის ოჯახისგან.  ილია  ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ თანხა გამოაგზავა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში  , მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია ჭავჭავაძესგან.  გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებლად  მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე 1892    წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ კურცხალიცრემლი სდიოდაო“
ივანეს დანადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე პროფესით იურისტი იყო.
პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში , პოლტორაცკებთან. Mმაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ
ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ.
ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის, ანას მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ   ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი. ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს სათი ბუდით და წარწერით. ეს სათი ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ რადგან ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ. 
ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო შეძინათ.ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.
1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ. Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა. ქვთიმეს 7ოთახი ეკავა მესამე სართულზე.
ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. Pპარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულობა იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი} იხსენებს:  1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა,  მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივე წესრიგი და სიუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”
ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის _` ნინო გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის  ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ.~ ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა  და გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის  პირობებშიც აღნიშნავდა.
ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პატიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა.  Oოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~.
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ  ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს  დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.




წყარო:  http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru/guria/eqvTime_tayaishvili.htm

ბიოგრაფია

ყრმობის წლები, განათლება და მოღვაწეობა საქართველოში.


           ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
          მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
         ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.
          სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: „მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...“. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც „გატეხია ენა“. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.
        1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ  გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.

          1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
         უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
         1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს.
         1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

         ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.
ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

            საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
         ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.

ემიგრაცია (1921-1945)


   

    
        ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.
          საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
         გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული  ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
        განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.
       ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)

 

 

         1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
          ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.

    ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[2]












                                                                                                                 წყარო: www.wikipedia.org