გამარჯობათ ! თქვენ ამჟამად იმყოფებით ბლოგზე, რომელიც ასე თუ ისე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით დიდი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მე # 152-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ელენე კუკულაძე ვარ. ზოგადად ამ ყველაფრის შთაგონება კონკურსმა მომცა, მაგრამ გარდა კონკურსისა ჩემი აზრით ბევრად უფრო ადვილი და ხელმისაწვდომია ადამიანისათვის რომელიმე პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება ერთი კონკრეტული საიტიდან.. საშინელებაა, როცა ათას ვებ-გვერდს ვათვალიერებთ საჭირო მასალის ძიებაში. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე .
პატივისცემით ელე ))

ექვთიმეს ექსპედიცია

ლეილა ნოდია – სუჯუნა,  გამ. “უნივერსალი”, თბილისი, 2010 წ. გვ.11 – 15
1913 წლის ზაფხულში, “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” მინდობილობით, სამეგრელოს არქეოლოგიური ექსპედიცია ეწვია, რომელსაც დიდი ქართველი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა.
ექსპედიციის მიზანი იყო, შემოევლოთ სამეგრელოს უმთავრესი ეკლესიები და მონასტრები და ფოტოგრაფიულად გადაეღოთ (ფოტოგრაფი თეოდორე კიუნე) მათი მხატვრობა, ფრესკები, წარწერები. შეეგროვებინათ არქეოლოგიური მასალები, აღენუსხათ საეკლესიო ნივთები, სიგელ-გუჯრები და სხვა. ”აღნიშნული მიზანი, შეძლებისამებრ შევასრულეთ. დიდი დახმარება აღმოგვიჩინა ყოვლადსამღვდელო გურია – სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდმა, რომელსაც გულითად მადლობას ვუძღვნით. ხელი შეგვიწყვეს, აგრეთვე, მარტვილის წინამძღვარმა შიომ, ხობის ბერმონაზონმა ანდრიამ, აბაშის ბლაღოჩინმა ფილემონ მატკავამ…” – აღნიშნავს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილი. ექსპედიციას სამეგრელოს ყველა ეკლესიის შემოვლა და აღწერა ვერ მოუსწრია, მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ, მათ ძალიან ნაყოფიერად უმუშავიათ სუჯუნაში. ე.თაყაიშვილის გამოქვეყნებული მასალები წიგნში “არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი”, წიგნი II, საინტერესოა შთამომავლობისათვის და ის შრომა, რაც მეცნიერმა სუჯუნის ეკლესიაში დაცული ხატების აღწერით, მათზე ამოტვიფრული ასომთავრული, მხედრული თუ ხუცური წარწერების ამოკითხვით გასწია, დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. შეუძლებელია სუჯუნაზე, სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაზე ისაუბრო და ექვთიმე თაყაიშვილის ამ უნიკალურ ჩანაწერებს გვერდი აუარო. მათ, ვინც დაინტერესებულია, უფრო გამოწვლილვით შეისწავლოს ეს მასალები, ვურჩევთ, აუცილებლად პირველწყაროს მიმართოს. აქ კი მცირეოდენი შემოკლებით ვბეჭდავთ ერთ ნაკვეთს ზემოხსენებული წიგნიდან, რომელსაც ჰქვია “სუჯუნა”

ექვთიმე თაყაიშვილი, “არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი”, წიგნი II, ტფილისი, 1914 წ.
სუჯუნა - “დაბა სუჯუნა მდებარეობს ოთხს ვერსზე სადგურ აბაშიდან. ეკლესია აქ მოზრდილია, ძრიელ ლამაზი, თეთრის თლილის ქვით ნაშენი, გუმბათიანი, მაგრამ ძველი არ არის. აშენებულია ანტონი ჭყონდიდელის მიერ, რომელიც ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს. მოხსენებულია ერთ სიგელში 1796 წელს. სამხრეთის მხრით ეკლესიისა ამართულია ასეთივე ქვით ნაშენი ორსართულიანი ლამაზი, მაღალი სამრეკლო. ეზო დიდი აქვს, ლამაზი, დამშვენებული უზარმაზარი ცაცხვის და ჭადრის ხეებით. დასავლეთის მხრით ეზოში არის კიდევ პატარა ხის ეკლესია ძველი, მაგრამ უბრალო. სუჯუნა საზამთრო სადგური იყო ჭყონდიდლებისა და პირველი დაბა იყო სამეგრელოში. რკინის გზის გაყვანის და აბაშის სადგურის გახსნის მემდეგ, ცოტა დაქვეითდა. სუჯუნის წმიდის გიორგის ეკლესიაში საკმაოდ მოიპოვება ქართული ხელობის ხატები წარწერებით, რომელნიც ლიტერატურაში ცნობილნი არ არიან.
ხატები:
1. დიდი ხატი წმიდა გიორგისა,
67X46 სანტიმეტრი, ვერცხლისა, ნაჭედი.
წმიდანი წარმოდგენილია ფეხზედ მდგომარედ, რომაულ სამხედრო ტანისამოსში. მარჯვენა ხელში გრძელი შუბი აქვს, მარცხენა უძევს ფარზე. თავის ირგვლივ სიმრგვლე აქვს, სიმრგვლეს თავში უზის დიდი ქვა, ლალი. აშია ხატისა მემკობილია ყვავილების მსგავსი გრეხილებით და აშიებზე მედალიონებში წარმოდგენილია მახარობლები, მარცხნივ წმ.იოვანე, წმ.მარკოზ, წმ.მათე. ზემოთ მთავარანგელოზი მიქაელ. ქვემოთ დედა ღვთისა ჩვილედი და ღვთისმშობლის მიძინება, მარჯვენაზე სამი ანგელოზი, აშიები და მათზე წარმოდგენილი წმინდანები ბოლონდელ დროისაა და თვით ხატის მშვენიერ ხელობას არა გავს. აქეთ – იქით თავისკენ სურათს ასომთავრულით აწერია “წ~ა გ-ი” და შემდეგ ბერძნულის  ასომთავრულით “რ AრIOჩ. ეს თავი ხატი სუჯუნის ეკლესიისა ძრიელ ძველი უნდა იყოს.
2. დიდი ხატი წმიდა გიორგისა
48X34 სანტიმეტრი, ვერცხლისა, ნაჭედი, ქართულის ხელობისა. სურათი გიორგისა ფეხზე მდგომარეა, რომაულ საომარ ტანისამოსით. მარჯვენა ხელში უჭირავს გრძელ ტარიანი შუბი. მარცხენა უძევს ფარზედ. ეს შუა ნაწილი ხატისა ძველია, ხოლო აშია მერმინდელია, ლევან დადიანის გაკეთებული XVII საუკუნეში, როგორც მოგვითხრობს მხედრული წარწერა. ძველი ხუცური წარწერაც არის დაცული ხატზედ. თავდაპირველად სახელი წმინდანისა: “წ~ი გ~ი”, და შემდეგ ფარზედ მშვენიერი ასომთავრულით: ”ქრისტე შეიწყალე იოანე ცაიშელი ფოლაგისძე”
3. ხატი წმიდა გიორგისა
26X22 სანტიმეტრი. ვერცხლისა, ნაჭედი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი და გმირავს ვეშაპს. აშია ყვავილებით არის შემკობილი. ხატი ქართული  ხელობის არის, მაგრამ ეკუთვნის არა უადრეს XVIII საუკუნეს. ზემოთ ასომთავრული წარწერა აქვს: „სუჯუნის წმიდაო გიორგი, შეიწყალე და გაუმარჯვე ბატონს გიორგის რომელმან მოვაჭე [დინე] ხატი შენი, ამინ.”
4. ხატი წმიდა გიორგისა
28,5X 24 სანტიმეტრი, ნაჭედი, ქართულის ხელობისა, დაზიანებული. წმიდა გიორგი ფეხზედ დგას. მარჯვენა ხელში უჭირავს შუბი, მარცხენა მახვილზედ უძევს. მარცხენა მკლავზედ მოგდებული აქვს თასმით ფარი. მახვილის ტარის თავი ფრინველის თავის გამოხატულებას წარმოადგენს. ხატი შემკობილია ყვავილების მსგავსი ჩუქურთმებით. ზემოთ უწერია ასომთავრულით: “წ~ი  გ~ი”. ზურგზე, ვერცხლის ფიცარზე  მხედრული წარწერებია…
5. ხატი წმიდა გიორგისა
სრულიად ისეთივე ხელობისა, როგორც წინა ნომერში აწერილი,   13,2X11,5 სანტიმეტრი, ვერცხლისა, ნაჭედი, ოქროთი დაფერილი. ხატის მეორე გვერდზე მოჩანს წმიდა გიორგის ნაწილები. სხვათა შორის, თითიც. შუაში წარწერილია ნაწილების სახელები: “წ~ის გ~ის ძელი;  წ~ის გ~ის ნაწილი; ჭ~ტი ხორცი. “წინა პირზე გამოქანდაკებულია წმიდა გიორგი მდგომარე შუბით და რომაულის ტანისამოსით, ორიგინალური, წარწერა “წ~ი გ~ი  (ხუცური ასომთავრულით). მეორე გვერდზე მხედრული წარწერაა…
6. ხატი დიდი წმიდა გიორგისა
ვერცხლისა, ნაჭედი, ქართულის ხელობისა. ზემოთ უზის ერთი თვალი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი, შუბით გმირავს ვეშაპს. წარწერა ხუცური „წ~ გ~ი”. აშიებზე ბალახის მსგავსი გრეხილებია, ლამაზი, გრეხილებში ანგელოზები მოჩანან, ქვემოთ აშია და ნაწილი მარჯვენა აშიისა დაზიანებულია, სრულად არ არის დაცული. აგრეთვე მხედრული წარწერაა ქვემოთ აშიაზე: ქ. ღ თ დადადიანის ძე ბატონი ჭყონდიდელ მ(იტროპო)ლიტი გრიგოლის ბრძანებით შევამკეთ ხ(ატი ესე მე) ხოშტარია თევდორემა ვინც წაიკი(თხოთ) (შენდობა ბრძანეთ). ხატს ძეწკვი აქვს.
7. ხატი ნმიდა გიორგისა
ფერადებით დახატული, 29X23,5 სანტიმეტრი. წმიდა გიორგი ზის თეთრ ცხენზედ და გმირავს ვეშაპს, თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს. წინ მეფის ქალი დგას და უცქერის. ზემოთ ტაძარი მოსჩანს. აშია ხატისა ვერცხლისაა, მოჭედილი, ბაბილოვანი ჩუქურთმებით შემკობილი. ხატს ასომთავრულად აწერია მარტო “წ~ი  გ~ი“.
8. სანაწილე ოქროსი ჯვარის სახედ, 10X10 სანტიმეტრი, შემკობილი ძვირფასი ქვებით. შით ძევს:
9. პატარა ჯვარი ოქროსი, ოქროს მავრთულებისაგან შემდგარი, ძრიელ ლამაზი, მარგალიტებით შემკობილი
10. ბარძიმი ვერცხლისა. ქვემოთ მხედრული წარწერა აქვს XIX საუკუნის ხელით.
11. ფეშხუმი ვერცხლისა, ოქროთ დაფერილი, ისეთივე წარწერით როგორც მოიპოვება წინათ მოხსენებულ ბარძიმზე.
12. ჯვარი უბრალო, ვერცხლისა, რუსული ხელობისა, მხედრულის წარწერით.
13. დაფარნა ფარჩისა, აბრეშუმის ძაფით ნაკერი, რომელზედაც გამოხატულია ხელოვნურად იესო ქრისტე და ქერუბიმები. შემკობილია წვრილი მარგალიტებით. ირგვლივ ძნელად გასარჩევი გრეხილიანი ასომთავრულით ამოქარგულია… უქარაგმოთ. “ქ. დაფარნა ცანი   შვენიერებამან მისმან. ხოლო სიწმინდითა მისითა აღივსო ყოველი ქვეყანა”
14. ასეთივე ხელობის პერექელი
შუაში იესო ქრისტეს სურათით და ფრთებზე ქერუბიმ სერაფიმებით.
15. მეტაფრასი ხუცური, ორ სვეტად გადაწერილი
16. წმიდისა გიორგის რკინის ოროლები ერთი დიდი და ერთი მცირე
17. ბუკი სპილენძისა.
18. იესო ქრისტეს თავი, 24X19 სანტიმეტრი. თაბაშირისა, ლამაზი, ახალი ევროპულის ხელობისა.”

ფოტო მასალის დასათვალიერებლად ესტუმრეთ ამავე ბლოგის სტატიას სახელწოდებით : "ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი"

No comments:

Post a Comment

dawere sheni azri